თბილისის მერიამ „ნილთან“ კონტრაქტი გაწყვიტა

დღეიდან თბილისის ბაგა-ბაღებმა ბავშვებისთვის საკვები პროდუქტები თავად უნდა შეიძინონ.

თბილისის მერიამ მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ილია ელოშვილი მიზეზად ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებს ასახელებს.

თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, კომპანიას აქამდე პრობლემები არ ჰქონია, თუმცა ბოლო პერიოდში გამოვლენილი შემთხვევები მისი დაჯარიმების და უკვე კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გახდა.

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სკოლამდელი დაწესებულებების დირექტორები მზად არიან შესყიდვებისთვის და არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ბაღებს პრობლემები არ შეექმნებათ.

ტენდერის საშუალებით ახალი მომმარაგებელი კომპანიის გამოვლენამდე მერიაში არ გამორიცხავენ მოხდეს დროებითი ჩანაცვლება.

კომპანია „ნილში“ კონტრაქტის გაწყვეტაზე კომენტარს არ აკეთებენ.