როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყანამ გლობალური არასტაბილურობის და რეგიონული უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე მდგრადი ეკონომიკური განვითარება: საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო ფორუმის მასპინძელია. თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმზე შეკრებილი დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და ბიზნესმენები პანელურ დისკუსიებს მართავენ. მშვიდობის დაცვა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების თითქმის ყველა გამოსვლაში იყო აქცენტირებული – მითუმეტეს იმ ფონზე, როცა გლობალური დაძაბულობის და უკრაინის თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო უსაფრთხო სავაჭრო დერეფნების მოძიება სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ამ კონტექსტში საინტერესო იყო ფორუმის მონაწილე დასავლელი მკვლევრების მოსმენა, რომლებმაც დღეს ბევრი ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების საქართველოზე გავლენის და დასავლეთიდან მზარდი ზეწოლის შესახებ – ყურადღების მიღმა ოფიციალური თბილისის მიმართ ევროპის ქვეყნების გამწვავებული რიტორიკა და გზავნილებიც არ დარჩენილა, რასაც ანალიტიკოსები კონკრეტული მიზეზით ხსნიან.