თბილისის ფინანსური სამიტი
საქართველო რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტის“ მასპინძლობს, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემაა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“. წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს. ორი დღის განმავლობაში თემატური სესიების, პანელური დისკუსიების, სამუშაო და პროფესიული შეხვედრების მთავარი თემები რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება იქნება. სამიტი დღეს პრემიერმა გახსნა.