„თბილისის ფინანსური სამიტი“

22-23 ოქტომბერს დედაქალაქი „თბილისის ფინანსურ სამიტს“ მასპინძლობს, რომელშიც საერთაშორისო „ფინტექ“ ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. მასშტაბური ღონისძიება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის – „ჯიეფტიენის“ ერთობლივი ორგანიზებით იმართება. „თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება. სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა. „თბილისის ფინანსურ სამიტს“ ჯამში 50-ზე მეტის ქვეყნის 1000-მდე დელეგატი დაესწრება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები.