საქართველო საერთაშორისო პლატფორმის მასპინძელი – შუა დერეფნის მომავალს და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების გეგმას 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნეს-ჯგუფები თბილისში სახავენ.
ქვეყანა აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. მთავარი თემა აბრეშუმის გზის, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის მომავალია. 2022 წლის შემდეგ ამ მარშრუტის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა, რასაც ბოლო პერიოდის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც ადასტურებს. რას აკეთებენ საქართველო და პროექტის მონაწილე ქვეყნები მარშრუტის დასატვირთად და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად: 2029 წლიდან ანაკლიის პორტის ამუშავება, ახალი აეროპორტი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ავტომაგისტრალების მშენებლობა, ახალი პარტნიორების მოძიება და და გამტარუნარიანობის გაზრდა – ასეთია საქართველოს გეგმა. აქცენტი კეთდება სერვისების გაციფრულებაზე, საბაჟო პროცედურების დახვეწის აუცილებლობაზე, სასაზღვრო კვეთების გამარტივებაზე და მარშრუტში პრობლემური ადგილების დროულად აღმოჩენაზე. მთავარ მიზნად ცხადდება ტვირთების გასამმაგება, რეგიონული კავშირების გაძლიერება და მარშრუტის გამრავალფეროვნება. ფორუმში მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკიც, რომლის ვიცე-პრეზიდენტმა დღეს შუა დერეფნის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად სამი მილიარდი დოლარის ინვესტირება დააანონსა. გზავნილია, რომ შუა დერეფანი არა ალტერნატივა, არამედ პირველი არჩევანი უნდა იყოს.