„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადება

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები კვირეულის გამართვას 18-დან 23 ივნისის ჩათვლით აპირებენ. მათი თქმით, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხვალ გამართავენ.

საკუთარი სამოქმედო სცენარის დეტალებს დღეს საღამოს გაახმოვანებს ორი დღის წინ გამართული კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან ვასაძე. თანამოაზრეებს ის ვერის ბაღში ელოდება.

განცხადებები გაკეთდა „ქართული მარშის“ მხრიდანაც. „ქართული მარშის“ წევრები ამბობენ, რომ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს მსვლელობის მოწყობის საშუალებას არ მისცემენ და ყველა იმ ქუჩას გადაკეტავენ, სადაც მათი ინფორმაციით, შესაძლოა, გამოსვლა დაიგეგმოს.