თბილისი „ფორბსის“ რეიტინგში მეხუთე ადგილზეა

გამოცემა „ფორბსი“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის საუკეთესო ათ ქალაქს ასახელებს – თბილისი მეხუთე ადგილს იკავებს. რეიტინგის შესადგენად ტურიზმის ექსპერტებმა 112 ქვეყნიდან 11 963 პირი გამოკითხეს. პირველ ადგილს ზედიზედ უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მადეირას კუნძულები იკავებს. ატლანტის ოკეანეში მდებარე პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი. მოგზაურებმა ის საუკეთესოდ ფოიერვერკების შთამბეჭდავი სანახაობისთვის, წლის განმავლობაში სუბტროპიკული კლიმატისა და მაღალი კლასის სასტუმროების გამო მიაკუთვნეს.

თბილისი კი, რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. საქართველოს დედაქალაქი მოგზაურებისთვის ლონდონისა და პარიზისგან განსხვავებით, ბევრად ხელსაყრელი ფასებით, უსაფრთხოებითა და გამარტივებული სავიზო რეგულაციებითაა მიმზიდველი. აქვეა აღნიშნული, რომ თბილისი გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია, რომელიც საშობაო და საახალწლო დღესასწაულებისთვის შესანიშნავად არის მორთული და ეს განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ასევე ორგანიზებულია საახალწლო კონცერტები, საშობაო ბაზრობები, რომლითაც თბილისი ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქებს შორისაა.