„თბილისი ენერჯის“ განცხადება

თბილისში 2022 წელს კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ ბუნებრივი აირის სადენებისა და დანადგარების გეგმური შემოწმების ფარგლებში, 300 ათასზე მეტი აბონენტი შემოწმდა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ტექნიკური დარღვევების გამო, საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა 14 ათასზე მეტი აბონენტი. რაც შეეხება, 2022 წლის სტატისტიკას, გიორგი ლეფსვერიძის თქმით, ბუნებრივი აირის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციით გარდაცვლილთა რიცხვი შემცირდა, თუმცა წინა წელს 12 ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, გიორგი ლეფსვერიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია უხარისხო ბუნებრივი აირის შესახებ და აღნიშნა, რომ თბილისის მასშტაბით, ყველა აბონენტს სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივი აირი მიეწოდება.