თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმის მასპინძლობისთვის ემზადება.

ხვალ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი მეოთხედ გაიხსნება. საქართველოს 60-მდე ქვეყნიდან პრემიერები, მინისტრები, ბიზნესმენები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრებიან. გეოპოლიტიკური გამოწვევების, უკრაინის ომის შემდეგ ევროპის ქვეყნებში შექმნილი ენერგოკრიზისის და ახალი რეალობის ფონზე ფორუმის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაშინ, როცა ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას და ენერგეტიკული რესურსებით მომარაგებისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის ალტერნატიულ გზებს ეძებს და კონკრეტულ პროექტებს სახავს, აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოსთვის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლის მქონე ქვეყნისთვის, ახალ შესაძლებლობებს აჩენს. იგულისხმება შუა დერეფნის პროექტში საქართველოს როლის გამოკვეთა, სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერება და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვა.