„თავისუფლების მარში“ - აქცია-მსვლელობა თბილისში

თბილისის ცენტრში გამართული აქცია სახელწოდებით – „თავისუფლების მარში“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების შესრულების შემდეგ დასრულდა. აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამოსვლებით დაიწყო. პარლამენტთან რიგით მოქალაქეებთან და აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდნენ.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს თავისუფლების მოედანი და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ. ადგილზე მისულები ხმაურიანი შეძახილებით ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციები  ჩვეულ რეჟიმში, კვლავ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდება.