თავდასხმა სკოლაზე ირანში - გამოძიების წინასწარი ვერსია 

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, 28 თებერვალს ირანში დაწყებითი სკოლის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ამერიკის შეერთებული შტატებია.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული მხარის პასუხისმგებლობა მიმდინარე სამხედრო გამოძიების ფარგლებში იკვეთება. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ანგარიშში ნათქვამია, რომ 28 თებერვალს, დაწყებითი სკოლის შენობაზე განხორციელებული დარტყმა აშშ-ის სამხედროების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი იყო. წინასწარი გამოძიების თანახმად, ამერიკელი სამხედროები დარტყმებს ახორციელებდნენ მიმდებარე ირანულ სამხედრო ბაზაზე, რომლის ნაწილიც ადრე სკოლის შენობა იყო. სკოლა ირანის სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 60 მეტრში მდებარეობს. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ დასკვნები წინასწარია და არსებობს მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა ინფორმაციის გადამოწმება.

ცნობისთვის, სამხრეთ ირანში, ქალაქ მინაბში, გოგონების სკოლას შაბათს, 28 თებერვალს დაარტყეს. ირანის სახელმწიფო მედიისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, თავდასხმას 175 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ბავშვები იყვნენ. ‎