თავდასხმა ჟურნალისტებზე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
„ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმიდან ორი დღე გავიდა. სამართალდამცავებს დანაშაულში მონაწილე არცერთი პირი ჰყავთ მიცემული პასუხისგებაში. მიმდინარე გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები: თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში მათი გადაადგილების მარშრუტის დადგენისთვის დათვალიერდა გარე სათვალთვალო კამერები, გადაუდებელი წესით ამოიღეს კონსერვატორიის და 5 კერძო ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები. მათი შესწავლა და ანალიზი დაწყებულია. მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა. 8 დეკემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩატარდა გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მოხდა მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერება. მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაინიშნა ექსპერტიზა. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედიით გავრცელდა. სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი. დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. უწყება უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას.