თავდასხმა ავსტრალიაში

სიდნეიში ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ბავშვიც. გარდაცვლილთა ასაკი 10-დან 87 წლამდეა. 42 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება. სამართალდამცველების ცნობით, იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ისინი მამა-შვილი არიან, 50 წლის მამა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სროლის შედეგად მოკლეს. 24 წლის შვილი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია. პოლიციამ დაადგინა, რომ 50 წლის პირს ლეგალური იარაღი ჰქონდა. მის სახელზე რეგისტრირებული იყო ექვსი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომხდარი მიზანმიმართული და წინასწარი განზრახვით ჩადენილი ბოროტება იყო, რომლის სამიზნეც ებრაული თემი გახდა. სამართალდამცველები დანაშაულის მოტივს ამ დრომდე ადგენენ.

სიდნეიში ებრაული თემზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ავსტრალიის ხელისუფლება ანტისემიტიზმთან არასაკმარის ბრძოლაში დაადანაშაულა. მისივე მტკიცებით, ამის შესახებ მან ოთხი თვის წინ წერილში გააფრთხილა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ავსტრალიის მიერ სხვა ქვეყნებთან ერთად პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ანტისემიტურ ცეცხლს ნავთს ასხამს“. მისივე თქმით, ამგვარი ნაბიჯი წაახალისებს პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტებად არიან აღიარებული. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ავსტრალიას მოუწოდა, გადამწყვეტი ზომები მიიღოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამ დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად, პალესტინის სახელმწიფო სექტემბრის ბოლოს აღიარა.