თავდასხმა აშშ-ის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებზე

ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიციის მხრიდან დიპლომატების მიმართ არადიპლომატიური და არაკორექტული განცხადებები არ წყდება. მაშინ, როდესაც ელჩების და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთო გზავნილი მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა და პროცესების პარლამენტში გადატანაა, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები მსგავსი განცხადებების ავტორთა მიმართ ღია თუ ირიბ კრიტიკას არ ერიდებიან. ოპოზიციის რიგებიდან ბოლო პერიოდში უკვე არაერთხელ გაჟღერდა შენიშვნები დიპლომატიური მისიების არასათანადოდ მუშაობის გამო, იყო შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც. კრიტიკული განცხადებების სერია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა 31 ოქტომბრის არჩევნებზე მომზადებული საკუთარი დასკვნები გამოაქვეყნეს.