ლონდონში თავდაცვის სამიტი იწყება. პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელიც სტარმერთან ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს. ლონდონში უკვე ჩავიდნენ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი. სამიტში, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილება, ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. ლონდონში ელოდებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანსაც. ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიდან კი სამიტს დაესწრებიან გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის პირველი პირები. სამიტის დაწყებამდე კირ სტარმერმა თქვა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინასთან იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე, რომელსაც შემდეგ აშშ-ს წარუდგენენ.