თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ვიზიტის დროს სამხედრო ბაზის მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა

თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ვიზიტის დროს ბაზა „კუნდუზის” მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა, ჭურვები ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა. არაპირდაპირი ცეცხლის შედეგად, არავინ დაშავებულა. ლევან იზორიამ ავღანეთში ვიზიტი ბაზა კუნდუზზე IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მონახულებით დაიწყო.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კუნდუზზე“ დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობა პირადად მოისმინეს. ბაზა „კუნდუზზე“ ვიზიტის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა მარმალზე გადაინაცვლა, მოგვიანებით კი, გენერალური შტაბის უფროსთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ვოლფ-იურგენ შთალთან გამართა შეხვედრა. საუბარი გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.