თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2ე ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საიუბილეო ცერემონიაზე უმასპინძლეს. პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელებმა, პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მეორე ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა გააცნეს.