თავდაცვის ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხები - ბრალის წარდგენა

სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის დაპატიმრებიდან ერთ თვეში, დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელსაც უწყების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ხაინდრავასთან ერთად, ანალოგიური ბრალდება წაყენებული აქვს სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, თავდაცვის ექს-მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავს, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებაში ედება ბრალი. სამივე მათგანის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. სასამართლო პროცესი ხვალ დილით ჩაინიშნა. გამოძიების საგანია სამხედრო ჰოსპიტლისთვის შეძენილი სამედიცინო დანადგარი. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულთა ქმედებების შედეგად არაკონკურენტული გარემო შეიქმნა და შესაძენი აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაიზარდა. საუბარია მილიონ 334 000-მდე ლარზე, რომელსაც საგამოძიებო უწყება გაფლანგულად აცხადებს. ექს-მაღალჩინოსნების დაკავებას სხვა ვერსიით ხსნის ოპოზიცია. კიდევ ერთი რეზონანსული საქმის დეტალები რეზი ხუციშვილის რეპორტაჟში.