თავდაცვის ახალი კოდექსი

თავდაცვის ახალი კოდექსი პლენარულ სხდომაზე მოახლოებულ სასესიო კვირაში გავა. კანონპროექტი დაკორექტირდა. კოდექსის ახალი ვარიანტით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად შენარჩუნდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობა აღარ იქნება რელიგიური ორგანიზაციების წევრობა. როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომლითაც, მათი შეფასებით, ხდებოდა რელიგიური ორგანიზების არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარიდან თავიდან არიდების მიზნით. კოდექსით გათვალისწინებულია, რომ წვევამდელების გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეეძლება. თუმცა, ეს ნორმა 2025 წლიდან უნდა ამოქმედდეს.