ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტს პარლამენტი 21 მარტს კენჭს უყრის

ოთხშაბათს პარლამენტი ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს კენჭს უყრის.

დოკუმენტით, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას 2018 წლის 15 ივნისამდე სთხოვს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე, ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებულები არიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ტექსტს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს. ამ და სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციები პროექტის კენჭისყრამდე გაიმართება. ამასთან, ამ დოკუმენტით მთავრობას დაევალება, უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ სიაში დასახელებული პირების სანქცირება.

რეზოლუციის ობიექტის მიხედვით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“  შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც პარლამენტს წარუდგენს რეგულარულ ანგარიშს დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

რეზოლუციის პროექტით საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის მიერ ოკუპაციას და მის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად გადმოეცეს ოჯახს; უზრუნველყოს სამართლის აღსრულება გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ; გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

მიმართვის ადრესატი საერთაშორისო თანამეგობრობაც არის. საქართველოს პარლამენტი მათ მიმართავს, მიიღოს ზომები და გააძლიეროს რეაგირება რუსეთის ქმედებებზე.