ტატუნაშვილის საქმეზე ხუთი პირი დაიკითხა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე ხუთი პირი დაიკითხა. მათ ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცეს. პროცესის დახურვის შუამდგომლობით მოსამართლეს ბრალდების მხარემ მიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განმარტა, შუამდგომლობის მიზეზი მოწმეების უსაფრთხოებაა. მისი განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ მათი ჩვენებების გასაჯაროების შემთხვევაში, მოწმეებისა და მათი ახლობლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, რადგან ისინი პერიოდულად შედიან ოკუპირებულ ახალგორში.

პროკურორის ინფორმაციით, მოწმეებმა ისაუბრეს როგორც ბრალდებულების შესახებ, ასევე იმის თაობაზე თუ როგორ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის და მათთან ერთად მყოფის პირების ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავება.