ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე

„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს“ – ეს გიორგი მარგველაშვილის განცხადებაა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე საქართველოს პრეზიდენტისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის გიუნტერ ბეხლერის საუბრის მთავარი თემა იყო. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხის წინა პლანზე წამოწევის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, შეუზღუდოს მოძრაობის თავისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს. ასევე პრეზიდენტმა განიხილა რუსეთის პროპაგანდის მეთოდები, რომლის მიზანიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩაა.