ტაქსის მძღოლების განცხადება

ტაქსის მძღოლებმა დღეს პოლიტიკურ პარტიებს მიმართეს. მათი განცხადებით, გარკვეული პირები ცუდად იყენებენ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელს და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მძღოლების განცხადებით, მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და ყველანაირ პოლიტიკურ მოწოდებას ემიჯნებიან.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მერიასთან მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, დედაქალაქის მთავრობა ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დათმობებზე უკვე წავიდა, თუმცა დარჩა საკითხები, რომლებზეც მსჯელობა კვლავ გრძელდება. ტაქსის მძღოლები 18 აპრილიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, განაცხადეს, რომ მერიასთან გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია და კონსულტაციების პარალელურად, აქციების საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

ასევე, მოგვიანებით, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელით განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას აპირებენ. ამ თემაზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმაც.