თანასწორობის ჯილდო გურამ კაშიას

გურამ კაშია უეფას ჯილდოს მფლობელია.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ Equal Game-ის ჯილდო საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანს თანასწორობის მიმართ გაბედული მხარდაჭერისთვის, ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის,  მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციისთვის მიანიჭეს.

კაშიას ჯილდო უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს გადასცა. გურამ კაშია მონაკოში გამართულ უეფას საზეიმო ღონისძიებას ვერ დაესწრო – საქართველოს ნაკრების მცველმა ამერიკის საფეხბურთო  ჩემპიონატში ითამაშა.

უეფამ  გურამ კაშიას ოფიციალურ გვერდზე სპეციალურად მომზადებული ვიდეო რგოლიც მიუძღვნა, სადაც დეტალურად არის ახსნილი, რატომ გადასცა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქართველ ფეხბურთელს პრიზი.