თანამშრომლობის პროგრამა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და დანიის სტატისტიკას შორის ევროკავშირის პროგრამა „თუინინგის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტი დასრულდა.

პროექტი „საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სისტემის შესაძლებლობების განვითარება“ 2 წელი და 8 თვე მიმდინარეობდა. მთავარი მიზანი კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გეგმების შესრულების ხელშეწყობა, საქსტატის მიერ დროული, სანდო და საერთაშორისო დონის მონაცემების წარმოება იყო. „თუინინგის“ პროექტი ოთხ კომპონენტს მოიცავდა. ესენია საგარეო ვაჭრობა, ეროვნული ანგარიშები, სოციალური სტატისტიკა და ბიზნეს სტატისტიკა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ექსპერტთა 75 მისია და ექვსი სასწავლო ვიზიტი ჩეხეთისა და დანიის სტატისტიკის სამსახურებში.