ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) საქართველოს ეროვნული ოფისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდება. ეს საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებასა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მემორანდუმს თსუ რექტორმა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა მოაწერეს ხელი. ღონისძიებას ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში, პარტნიორი უნივერსიტეტების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფრანგული ენისა და ფრანგულენოვანი პროგრამების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ეროვნული ოფისის სივრცეში განთავსდება დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი. AUF-ი მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით.