თანამშრომლობის მემორანდუმი

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და საპატრიარქოსთან არსებულ გალობის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის მთავარი მიზანია ქართული ტრადიციული გალობის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს მგალობელთა გუნდების მხარდასაჭერად საერთო ინიციატივებისა და პროექტების შემუშავებას და ქართული გალობის პოპულარიზაციის მიზნით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცემული სანოტო კრებულის – „ქართული გალობის ანთოლოგიის“ გავრცელებას. მემორანდუმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ფოლკლორის ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩაერთვებიან წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მგალობელთა გუნდი „ტაო“ და ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდი. საზოგადოებას სიტყვით მიმართა კულტურის მინისტრმა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიულოცა. ამასთანავე, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ საპატრიარქოს გალობის ცენტრის მხარდაჭერისთვის.