თანამშრომლობის მემორანდუმი

იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისთვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მალე იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება გახდება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე განხორციელდება ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, დაიწყება წინა ხაზის თანამშრომელთა გადამზადება, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოს ხუთი სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი. თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ, ასევე განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციით დაიძლევა. საპენსიო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე მიმდინარე წლის მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეეძლება.