თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1949 წელს მან მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია დაამთავრა და მალევე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. 60-იან წლებში თამარ სხირტლაძე რუსთავის თეატრის მსახიობი იყო, საიდანაც კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. თამარ სხირტლაძეს არაერთი დასამახსოვრებელი თეატრალური როლი აქვს შექმნილი, გადაღებულია ფილმებში „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“, „ნუცას სკოლა“. „დღეს ღამე უთენებია“ და სხვა. 2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ მსახიობს ვარსკვლავი საზეიმოდ გაუხსნეს. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. „თამარ სხირტლაძემ მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასათვის საყვარელი პერსონაჟებისათვის სულის შთაბერვით. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილი.