თამარ ჩუგოშვილი მაიკ პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგი და სასურველია, რადგან ქვეყანას ასეთი ყურადღება სჭირდება. ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი მაიკ პომპეოს გზავნილებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სრულიად გასაგები და ლოგიკურია, რომ მისი მხრიდან იმ საკითხების ხაზგასმა მოხდა, რაშიც ამერიკა საქართველოში შიდა პროცესების თვალსაზრისით ყველაზე მეტად არის ჩართული. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საქართველომ მიიღო შეერთებული შტატების გზავნილი და შემაშფოთებელია, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება საჯაროდ. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების წესის ცვლილებასა და დემოკრატიის განვითარებაზე გაკეთებულ აქცენტებს ხელისუფლების გაფრთხილებად აფასებენ.