ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები გამოყვანის ოპერაცია დაიწყო

ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანის ოპერაცია დაიწყო. მანამდე, მღვიმის მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა დამხმარე პერსონალი გაიყვანეს. ადგილზე დარჩნენ მხოლოდ მყვინთავები, ექიმები და სამხედროები.

„ფრანს პრესის“ ცნობით, ბიჭების გამოყვანას, სავარაუდოდ, ორი-სამი დღე დასჭირდება. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, მათ სათითაოდ გამოიყვანენ.

სამაშველო ოპერაციაში სულ 13 უცხოელი და 5 ტაილანდელი მყვინთავი მონაწილეობს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მღვიმიდან პირველი ბავშვის გამოყვანას რამდენიმე საათი დასჭირდება. პირველ გადარჩენილებს მაშველები, სავარაუდოდ, თბილისის დროით 20:00 საათზე გამოიყვანენ. სამაშველო ოპერაციის დაწყების შესახებ ბავშვების მშობლები ინფორმირებულები არიან, თუმცა გეგმის ზუსტი დეტალები უცნობია.

ტაილანდში, მღვიმეში 12 ბიჭი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს ჩაიკეტნენ.