თაღლითური სქემა და მოტყუებული ტურისტები

საქართველოს პირველი არხი განაგრძობს იმ თაღლითურ სქემაზე მუშაობას, რომლის მსხვერპლი უკვე არაერთი ტურისტი გახდა. საუბარია ვიზიტორებისთვის კაფეებსა და კლუბებში თანხის გამოძალვის გახშირებულ ფაქტებზე. „ახალ კვირაში“ გუშინ გასული ვრცელი რეპორტაჟის შემდეგ „მოამბეს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ანალოგიური სქემის შედეგად დაზარალებულ ტურისტთა თითქმის ერთმანეთის მსგავს ისტორიებს ჰყვებიან.

როგორც ირკვევა, წინასწარ შემუშავებული გეგმით ტურისტები კონკრეტულ კაფეში ან კლუბში მიჰყავთ, ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ კი კლიენტებს შეკვეთასთან შედარებით არარეალურ თანხებს ახდევინებენ, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ე.წ. ორი მენიუს პრინციპსაც მიმართავენ. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულმა რამდენიმე ვიზიტორმა რეაგირებისთვის სამართალდამცავებსაც კი მიმართა.