რა შემთხვევაში ხდება კონკრეტული ქვეყნის საბანკო სისტემის სვიფტიდან გათიშვა – ეს კითხვა აქტუალური საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მიღებული მორიგი მძიმე შინაარსის რეზოლუციის შემდეგ გახდა. სწორედ ამ დოკუმეტშია სარეკომენდაციო ხასიათის ჩანაწერი საქართველოს გლობალური საბანკო სისტემიდან ჩახსნის შესახებ. თუმცა მოვლენების მსგავს განვითარებას ეროვნული ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს. ქვეყნის ცენტრალური ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დადებით დასკვნებზე აკეთებს აქცენტს და ხაზს უსვამს, რომ ამ დრომდე საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. იდენტურია სპეციალისტების შეფასებებიც. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არც ომის ინიციატორია და ქვეყნის საფინანსო სისტემაში არც დაფარული საბანკო ოპერაციები ფიქსირდება, ეკონომისტებს ქართული საბანკო სისტემის სვიფტიდან ჩახსნის მოლოდინი არ აქვთ.