სუს-ი ოკუპირებულ გალში გიორგი ზარანდიას დაკავების ფაქტს ადასტურებს

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის გიორგი ზარანდიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ში აცხადებენ, რომ პროცესში უკვე ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. რაც შეეხება დაკავებულის ოჯახს, მათ შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ოჯახის თქმით, გიორგი ზარანდია ერთი კვირაა თბილისში იმყოფება და თუ რა მიზნით ცდილობდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, უცნობია.

აფხაზური მედიის ცნობით, 13 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გალის რაიონში დააკავეს ზუგდიდის მკვიდრი 1984 წელს დაბადებული გიორგი ზარანდია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგი ზარანდიას მიმართ გალის ე.წ. პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.