სუს-მა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
სუს-ის უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა „X“-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება. კერძოდ, საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ. სუს-ის ცნობით მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.