სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტს. გამოძიებით დადგენილია, რომ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის შესახებ სამი ანალოგიური შინაარსის ყალბი ცნობა დაამზადა. თითოეული ცნობის თანახმად, თითქოს მის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მცხოვრების მიერ მოყვანილი 25 ტონა (ჯამში 75 ტონა) კარტოფილი რეალიზებულ იქნა კონკრეტულ მეწარმე სუბიექტზე. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ კი – ქრთამის სახით აიღო 6 000 ლარი. უწყების მიერ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება. დანაშაული 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.