გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუს-მა დღეს დილით გაავრცელა. დაკავების ოფიციალურ ვერსიას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, ბაჩიაშვილი, რომელიც მარტის შემდეგ იძებნებოდა, სადახლოსა და წითელ ხიდს შორის, ე.წ. მწვანე საზღვარზე ანონიმური შეტყობინების შემდეგ აიყვანეს. სისხლის სამართლის იმ საქმეებს, რომლებიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის მიმართაა აღძრული, კიდევ ერთი – საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე დაემატა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ბაჩიაშვილმა „გარდიანს“ ინტერვიუ მისცა, სადაც სხვა ქვეყნების სპეც-სამსახურებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მისი ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობს. რა ვითარებაში მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება – ადვოკატი ამბობს, რომ დეტალებზე ბრალდებული თავად ისაუბრებს სასამართლო პროცესზე, რომელიც ორ დღეში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილს დაუსწრებლად 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.