სუს-ის ანგარიში

პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე ოპოზიციის პრეტენზიების მოსმენა მოუხდა სუს-ის უფროსის მოადგილესაც, რომელმაც დეპუტატებს 2018 წლის ანგარიში ჩააბარა.

დესტაბილიზაციის, საზოგადოების პოლარიზების, არეულობის კერების შექმნის, საგარეო კურსის შეცვლის და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა,- ეს არის ის ძირითადი საფრთხეები, რომლებიც უწყების 27-გვერდიან ანგარიშში მოხვდა.

დოკუმენტში საუბარია იმ მეთოდებზეც, რასაც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ჰიბრიდულ ომზე, ყალბი ახალი ამბების გავრცელებაზე და რბილი ძალის გავლენებზე.

გიორგი ლილუაშვილის გამოსვლის ნაწილი მედიისთვის დახურული იყო, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.