სუს-ის ახალი ხელმძღვანელის წარდგენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „ის წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და შესაბამისად, აქვს ზუსტად იმ პროფილის გამოცდილება, რაც მას ძალიან დაეხმარება ამ სამსახურის წარმატებულ ხელმძღვანელობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა. მამუკა მდინარაძემ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ, ეფექტიანი ბრძოლის პროცესში, უწყების როლზე გაამახვილა ყურადღება.