სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლებთან დაკავშირებით დღევანდელ სამოქმედო გეგმას აქვეყნებს. უწყებამ დაასახელა ის მისამართები კახეთსა და იმერეთში, სადაც ცხოველების მიმკედლებლებსა და მოყვარულებს შეუძლიათ თავიანთი ძაღლები მიიყვანონ. ადგილზე ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ. სააგენტოს ინფორმაციით, ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია-სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით, შესაბამისი აქტის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. მანიპულაციების ჩატარებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ კი – აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით. თუ მითითებულ ლოკაციაზე ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, მიმკედლებლებს შეუძლია სააგენტოს მიმართონ, რის შემდეგაც ეკიპაჟები ადგილზე მივლენ და მანიპულაციებს იქ ჩაატარებენ. უწყების ცნობითვე, სხვადასხვა ვეტერინარული მანიპულაციის ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს ზუგდიდში დააბრუნებენ. ზუგდიდის გარდა, ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანში.