სუმიდან ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტერიტორიის დატოვება მხოლოდ პოლტავის მიმართულებით ხდება. სუმში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ნანგრევებში მოყოლილთა ძიება გრძელდება. გავრცელებული ცნობით, ქალაქში, საცხოვრებელ უბანში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 500 კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს. რაც შეეხება მარიუპოლს, სადაც კიდევ ერთი ჰუმანიტარული დერეფანი უნდა ამოქმედებულიყო, შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას აგრძელებენ. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების წინსვლა მნიშვნელოვნად შენელებულია, რუსი სამხედროები დემორალიზებული არიან, ხშირად მიმართავენ მოროდიორობას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს არღვევენ. ძლიერი ხანძარი იყო ჟიტომირში, სადაც ავიაიერიშის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.