სუბსიდირებული ფრენა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატების, მეოთხედფინალში გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ დამატებითი სუბსიდირებული რეისები დანიშნა. სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 10 სექტემბერს, დილის 07:00 საათზე შესრულდება, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრები 11 სექტემბერს დაბრუნდებიან. რეისი მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩზე ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ.