სტუმრად გომბორის მოხალისეთა ცენტრში

18:41, 19.10.2026

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, 2026 წლის სასწავლო წლის დახურვის ცერემონია გაიმართა.

მიმდინარე წელს ცენტრში მომზადება 2000-მდე მოხალისემ გაიარა. ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტისა და გერმანიის ბუნდესვერის ვეტერანთა ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობამ. უცხოელი სტუმრები, საქართველოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოწვევით, 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. დახურვის ცერემონიის ფარგლებში,  ტერიტორიული რაზმების ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ ორგანიზაციის ტერიტორიული დანაყოფების მეთაურებს. სიგელებით დაჯილდოვდნენ,ასევე, ორგანიზაციის თანამშრომლები მათი საქმიანობისა და სამუშაო პროცესში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად. ცერემონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ორგანიზაციის დროშის სიმბოლური დაშვება იყო. დროშა, რომელიც ორგანიზაციის ერთიანობისა და საერთო მიზნის სიმბოლოა, მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე დაეშვა. ღონისძიება მუსიკალური და კულტურული ნომრებით გაფორმდა.

მსგავსი