თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის გამოსახატად რუსთაველის გამზირიდან უნივერსიტეტის შენობაში გადაინაცვლეს და უმაღლესი სასწავლებლის ფოიე დაიკავეს. მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე 30-მდე სტუდენტი პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის შენობაში დარჩენას აპირებს და სასწავლო პროცესს ეთიშება. სტუდენტებმა ღამის გასათევად მათთვის ლეიბები და საბნები მიიტანეს, თუმცა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კარი ჩაკეტა და ნივთების მიწოდება ფანჯრებიდან მოუწიათ. სტუდენტების განცხადებით, ზვიად ცეცხლაძე და რევაზ კიკნაძე უკანონო პატიმრები არიან და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ახალგაზრდები მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და რექტორს, დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ თავიანთ სტუდენტებს.