სტუდენტები გადაწყვეტილების მოლოდინში

ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას არ ცვლის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სექტემბერში პირველკურსელებს ვერ მიიღებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენას ჯერ არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის მხრიდან ხარვეზები გამოსწორდება, ავტორიზაციის აღდგენაზე მსჯელობა დაიწყება, ეს კი მინიმუმ  ერთი თვის განმავლობაში ვერ მოხდება.

უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ მათ დავალიანება 715 ათასი ლარი უკვე დაფარეს და პირველკურსელების მიღების უფლება უნდა მისცენ.

სტუდენტების აქცია დღეს მთავრობის კანცელარიასთან ისევ გაიმართა. აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. აბიტურიენტებს კი, რომლებმაც სასწავლებლად შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს, გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევთ.