სტრატეგიული პარტნიორების ახალი სამოქმედო გეგმა  

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე სტატუს-კვოს აღდგენაზე საუბარი წლის დასაწყისიდან გაგრძელდება.

სწორედ ამ დროს შეიკრიბება მეორედ ორმხრივი სამთავრობო კომისია, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ თავიდან დაკომპლექტდა. საზღვრის სადავო მონაკვეთი ერთ-ერთი თემა იყო, რომელიც აზერბაიჯანის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგასთან განიხილა.

თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტერიალს მასპინძლობს. დაანონსდა, რომ სამი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობა მალე ახალ ეტაპზე გადავა. სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ენერგეტიკულ პროექტებზე და იმ გარემოებაზე გაკეთდა, თუ რა როლი აქვს სამ ქვეყანას კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირების პროცესში. დასახელდა კონკრეტული მილსადენებიც. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გაზაფხულზე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი ჩამოვა.