სტრასბურგის სასამართლოს პასუხი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა. ტექსტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. განცხადებაში წერია, რომ უნდა უზრუნველყონ ციხეში მისი უსაფრთხოება და მისცენ მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შემდგომი აღდგენის პერიოდისთვის. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და სამართალწარმოების სწორად წარმართვისთვის, მოუწოდოს აპლიკანტს შეწყვიტოს შიმშილობა. მხარეებმა მოთხოვნილი ინფორმაცია სტრასბურგში 24 ნოემბრამდე უნდა გაგზავნონ.