სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება – შეფასებები
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეაფასეს თბილისში.
20 ივნისის საქმეზე, გადაწყვეტილებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. „ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების ხანგრძლივმა და დამიზნებით გამოყენებამ, მათთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობამ და პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მიერ ექვს საათზე მეტ ხანს განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა, 200-ზე მეტ ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი,“ – ნათქვამია საიას განცხადებაში. ასევე, საია-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად, 22 პირის ინტერესებს იცავდა. მათ შორის მედიის 11 წარმომადგენელია.
„სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას,“ – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია.