სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ანწუხელიძის საქმეზე

18:22, 23.06.2026

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო, საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსება და, მეორეს მხრივ, ჩვენი სამხედროების ღირსება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა საქმეში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომისას, რუსეთის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას ეხებოდა, მესამე მხარედ იყო ჩართული. „ჩვენ წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას“, – განაცხადა ძამაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ისე წარმართა საქმის წარმოება, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭებული და წაგებული საქმეები შემოაბრუნა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. საუბარია სარჩელზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.

მსგავსი