სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
მარნეულში მცხოვრები მუსლიმი თემის საჩივარი დაუშვებლად ცნო სტრასბურგის სასამართლომ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია, მომჩივნის საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და განსახილველად არ მიიღო. ასეთია განჩინება საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ. „საქმე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის დაფინანსების გამოყოფას ეხებოდა. მომჩივანი ორგანიზაციის მტკიცებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მხოლოდ ეპარქიისთვის გამოყოფა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენდა. სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ პოზიციაში მთავრობა უთითებდა, რომ მომჩივანი ორგანიზაცია და ეპარქია შესადარებელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ. ამ მხრივ მთავრობამ ყურადღება გაამახვილა მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ სტატუსზე, მის ისტორიულ და კულტურულ როლზე, ასევე მრევლისა და რელიგიური ნაგებობების რაოდენობაზე. შესაბამისად, მთავრობის შეფასებით, სადავო დაფინანსება დისკრიმინაციულ ხასიათს არ ატარებდა.